Wednesday, April 13, 2011

ისტორული ფონი

ვაროსანთა პირველმა ლაშქრობამ გარკვეული გავლენა მოახდინა ქართველთა ცხოვრებაზე როგორც იერუსალიმში, ისე საკუთრივ საქართველოში. მას უთუოდ დიდი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისათვის. შემთხვევითი არაა, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მაჰმადიანთაგან იერუსალიმისა და ანტიოქიის განთავისუფლების აღნიშვნის შემდეგ უშუალოდ მოგვითხრობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე: „გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს“.

ჯვაროსანთა წარმატებამ ხელი შეუწყო დავით აღმაშენებლის გაძლიერებას, ხოლო, თავის მხრივ, ქართველთა ბრძოლა მაჰამდიანურ სამყაროსთან ჯვაროსნებისათვის მხარდაჭერასა და დახმარებას წარმოადგენდა. საგულისხმოა ფრანგი გოტიეს აღტაცება დიდგორის ომში (1121 წ.) ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების გამო. მართლაც, დიდგორის ომში ქართველთა გამარჯვება ჯვაროსნებისათვის დახმარების გაწევასაც ნიშნავდა. საქართველოს გამარჯვება განმათავისუფლებელ ომში, რომელსაც თურქ-სელჩუკთა ძალების შესუსტება მოჰყვა, ხელს უმართავდა ჯვაროსნებს ახლო აღმოსავლეთში. ამიტომაც ჯვაროსანთა თავკაცები საქართველოს თავის მოკავშირედ მიიჩნევდნენ და მასთან უშუალო კონტაქტის დამყარებასა და დაახლოებას ცდილობდნენ. საგულისხმოა, რომ დავით აღმაშენებლის თავგანწირულმა და საარაკო ბრძოლამ მაჰმადიანთა მპყრობელობისაგან სამშობლოს დაცვისა და გაძლიერებისათვის განაპირობა მასზე ლეგენდების შექმნა და გავრცელება ჯვაროსანთა შორის.



დავით აღმაშენებელი არა მარტო მაჰმადიან მტრებს ებრძოდა, არამედ, საერთოდ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახლო აღმოსავლეთს. მას ამოძრავებდა როგორც სახელმწიფოებრივ-პოლიტიური, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო მიზანი – ქართველთა უფლებების დაცვა-წარმოჩენა წმიდა მიწაზე. მისთვის სავსებით ნათელი იყო, თუ რაოდენ დიდი კულტურულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა უცხოეთში არსებულ ქართულ საეკლესიო კოლონიებს. მემატიანის ცნობით, დავითმა „ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. და მყოფნი იერუსალემისანი თვითოფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა“.
ხლო აღმოსავლეთში ჯვაროსანთა ლაშქრობამ და მაჰმადიანთა შევიწროებამ, ერთი მხრივ, და დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს ძლიერებამ და საერთაშორისო ავტორიტეტმა, მეორე მხრივ, განაპირობა იერუსალიმელ ქართველ მოღვაწეთა მდგომარეობის გაუმჯობესება. თურქ-სელჩუკთა მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ დარბეული და ნაწილობრივ დანგრეული ჯვრის ტაძარი აღდგა, განახლდა და მოიხატა. ქართველთა სავანეში სამონასტრო ცხოვრება გამოცოცხლდა. ყოველივე ეს იყო ბუნებრივი შედეგი დავით აღმაშენებლის მზრუნველობისა და მშვენიერი დემონსტრაცია საქართველოს პოლიტიკური ძლიერებისა.
XII საუკუნის დამდეგიდან მოგვეპოვება ორი არაქართული მოღვაწის ცნობები ჯვრის მონასტერზე. 1102-1103 წლებში ჯვარი ინახულა, ეკლესია, დაზიანებული სენაკები და მინაშენები დაათვალიერა მოგზაურმა ზევულფმა. რუსმა მოღვაწემ დანიელ წინამძღვარმა, რომელიც 1106-1108 წლებში იყო იერუსალიმში, ჯვარი ნახა აღდგენილი, განახლებული და მოხატული.

საგულისხმოა, რომ დასახელებული მოღვაწენი აღფრთოვანებით წერდნენ ჯვარზე, საგანგებოდ წარმოაჩენდნენ მის სიდიადესა და სილამაზეს (როგორც ჩანს, მნახველთა ყურადღებას იპყრობდა ქართული ტაძრის დიდებული მოხატულობა).

საქართველოდან მიღებული შეწირულობებით აღდგენილ-განახლებულ სავანეში მომრავლდნენ ქართველი სასულიერო მოღვაწენი. სამონასტრო ცხოვრების გამოცოცხლების კვალდაკვალ გაიშალა ჯვრის ქართველ მწიგნობართა საქმიანობა, მომრავლდნენ კალიგრაფები, გაგრძელდა ხელნაწერთა დამზადება.

ტრადიციული გადმოცემით, ამ პერიოდში ჯვარში მოღვაწეობდა არა მხოლოდ კალიგრაფთა ჯგუფი, არამედ ისეთი ცნობილი მწერალი და მოაზროვნე, როგორიცაა არსენ იყალთოელი (XI-XII სს.).

ტ. გაბაშვილის ცნობით, „არსენი ვაჩნაძე, კაცი ფილოსოფოსი და მთარგმნელი ღრმათა წერილთა, მოძღვარი დავით აღმაშენებლისა“ ერთხანს ჯვრის მონასტერში ცხოვრობდა. მისივე სიტყვით, „წმიდა მამა არსენი იბადის ძე ქართველი, გვარად ვაჩნაძე, ფილოსოფოსი“ მონასტრის მთავარი ეკლესიის კედელზე იყო გამოხატული; თ.ბაგრატიონის ცნობით, არსენ იყალთოელი – „მოძღვარი, აღმზრდელი და მასწავლებელი“ დავით აღმაშენებლისა – „აღზრდილი წმიდისა იერუსალიმის ჯუარის მონასტერსა შინა ქართველთასა, განაგებდა იერუსალიმსა ქართველთა მონასტერთა ყოველთავე“. იგი „ჟამად იყოფებოდა წინაშე დავით მეფისა აღმაშენებელისა და ჟამად იერუსალიმად ჯვარის მონასტერსა შინა“. არსენ იყალთოელი ერთხელ „დავით აღმაშენებელმან წარავლინა დიდითა საფასითა და წარსააგებელითა და მრავლითა ძვირფასითა ნივთითა იერუსალიმად შესაწირავად წმიდათა მათ ადგილთა. მიიწია ესე, განაახლა და განამშვენიერნა ჯვარის მონასტერი და სხვანი წმიდანი მონასტერნი ქართველთანი და ყოველთა მათ წმიდათა ადგილთა განმამდიდრებელი, აღმაშენებელი და შემამკობელი მოიქცა საქართველოდვე“.
აროსანთა ბატონობა იერუსალიმში დიდხანს არ გაგრძელებულა. XII საუკუნის მეორე ნახევარში, 70-იანი წლებიდან, ახლო აღმოსავლეთში ვითარება არსებითად შეიცვალა. ეგვიპტის, სირიის ნაწილისა და მესოპოტამიის შეერთების შედეგად შეიქმნა ერთი მძლავრი სახელმწიფო, რომლის ცენტრი ეგვიპტეში იმყოფებოდა. ჯვაროსნებს ნაცვლად ცალკეული სამთავრო-საამიროებისა დაუპირისპირდა დიდი სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ალ-აიუბ სალაჰ ად-დინი (სალადინი) ედგა (1171-1193). გაძლიერებულმა სულთანმა დაისახა სირია-პალესტინიდან ჯვაროსნების გაძევება. სალადინის გაძლიერება მძიმე და საშიშ მდგომარეობას უქმნიდა იერუსალიმელ ჯვაროსნებს და აიძულებდა მათ თავდაცვითი ღონისძიებების გატარებას, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გადასახადების ზრდას. იერუსალიმის მეფის ბალდუინ მეოთხის (1173-1185) მიერ დაწესებული ყოველწლიური გადასახადები (1177 წ., 1182 წ.) ჯვრის ტაძარსაც მძიმედ დააწვა. ბალდუინმა ჯვარს ზვრების ნაწილიც კი წაართვა.

სალადინმა დიდძალ ჯარს მოუყარა თავი და 1187 წელს აიღო იერუსალიმი. ქრისტიანობა კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯვაროსნებმა მესამე ლაშქრობა წამოიწყეს (1189 წ.), მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს; აიღეს აკრა და იგი იერუსალიმის სამეფოს სატახტო ქალაქად გამოაცხადეს (იერუსალიმი კვლავ სალადინს ეპყრა), ხოლო 1192 წლის ზავით ანტიოქიის სამთავრო შეინარჩუნეს.

მაჰმადიანთა გარემოცვაში მოხვედრილ ჯვრის მონასტერს ქართველი მოღვაწენი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. ამ დახმარებამ განსაკუთრებული სახე მიიღო იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს სათავეში თამარ მეფე (1184-1213) იდგა. მაგრამ, ვიდრე ამ პერიოდზე დავიწყებდეთ საუბარს, გვსურს ორიოდე სიტყვა ვთქვათ თამარის ერთ გამოჩენილ თანამოღვაწეზე, რომელიც სწორედ თამარის გამეფების წინა წლებში ყოფილა იერუსალიმში. ესაა XII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი მწერალი ნიკოლოზ გულაბერისძე. იგი დაახლოებით 1150-1178 წლებში ქართულ ეკლესიას მეთაურობდა, შემდეგ „სიმდაბლისა ძალით ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან“ და წავიდა იერუსალიმს, სადაც დარჩა 1184 წლამდე, ვიდრე თამარმა არ „აღმოუწოდა წმიდით ქალაქით“. როგორც ჩანს, 1178-1184 წლები მან იერუსალიმში გაატარა და ჯვრის მონასტრის სასარგებლოდ გარკვეული ნაბიჯები გადადგა: მონასტრისეული ვენახი დაიხსნა – „უკუმოისყიდა“ და სხვა დახმარებაც აღმოუჩინა. არ არის გამორიცხული, რომ ნიკოლოზ გულაბერისძე იერუსალიმში მწიგნობრულ-შემოქმედებით საქმიანობასაც ეწეოდა.კიდევ უფრო გაიზარდა იერუსალიმის ქართული კოლონიისადმი დახმარება საქართველოს მხრივ წმიდა თამარის მეფობის წლებში. თამარი დიდი გულისყურით ზრუნავდა უცხოეთში არსებულ ქართულ სავანეებზე, კერძოდ იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე.

როგორც ქართულ მემატიანეთა სიტყვებიდან ჩანს, თამარი იერუსალიმს, – ივარაუდება, უპირველეს ყოვლისა, ჯვრის მონასტერს, – დიდად ეხმარებოდა, „სარწმუნოებითა თვისითა“ ხელით უხვ შეწირულობას უგზავნიდა.

აქვე უნდა დავიმოწმოთ არაქართველ მოღვაწეთა მიერ შემონახული ორიოდე ცნობა.

არაბი ისტორიკოსის ბაჰა ად-დინ იბნ შადადის (1145-1234) ცნობით, 1192-1193 წლებში თამარმა სალადინს 200000 დინარი შეაძლია და მუსულმანთა მიერ 1187 წელს მიტაცებული ჯვრისა (რომელზეც მაცხოვარი აცვეს) და (აგრეთვე მიტაცებულ) ქართულ სავანეთა დაბრუნება სთხოვა. 1192 წელს „ქართველთა ელჩი მოვიდა და მოახსენა სულთანს სპეციალურად წმინდა ადგილების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც მათ ჰქონდათ იერუსალიმში და მოახსენა აგრეთვე თავიანთი დასახლებული ადგილების შესახებ. (ქართველები) ჩიოდნენ, რომ წაართვეს მათ მონასტერი და ითხოვდნენ სულთნის კეთილგანწყობას, რათა დაებრუნებინა იგი მათჲ გამგებლისადმი“. არ ჩანს, რომ თამარმა ამ დროს დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ მოდევნო ხანაში რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების უფლებრივი მდგომარეობა რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა, ეს უდავოა.

სომეხი მემატიანის კირაკოს განძაკეცის (XIII ს.) ცნობით, 1210-1211 წლებში, – ივანე მსახურთუხუცესის ხლათელთა ტყვეობიდან დახსნისა და მისი ასულის თამთას სულთანთან გაგზავნის შემდეგ, – ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. ქართველ მეფესა და მაჰმადიან მბრძანებელთ შორის დაიდო ზავი, მონასტერთ ხარკი შეუმცირდათ, მლოცველთა ძარცვა აღიკვეთა, ქართველ ქრისტიანებს პატივი მიეგოთ.

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველომ მოიპოვა აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთა მფარველობა, ხოლო მაჰმადიანურ ქვეყნებში მოგზაურ ქართვლებს ფართო პრივილეგიები მიენიჭათ. მართებულად შენიშნავდა რ.ჟანენი, რომ „ძველად ყველა იმ ხალხთა შორის, რომელთაც უპირატესობა და დიდი გავლენა ჰქონდათ წმინდა ქალაქში, ქართველებს უდავოდ ერთი უპირველესი ადგილი ეჭირათ“. არაა ინტერესს მოკლებული, რომ მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ უფლება იერუსალიმში გაშლილი ეროვნული დროშებით შესვლისა. ალბათ, ამ დროსვე დამკვიდრდა საყურადღებო წესი: ქართველ მლოცველებს არაბი მოხელე ალეპოში ხვდებოდა, იერუსალიმში მიჰყვებოდა და შემდგომ უკან აცილებდა, ე.ი. მოსალოდნელი განსაცდელისაგან იცავდა.
1244 წელს ჯვაროსნებმა სამუდამოდ დაკარგეს იერუსალიმი. ეგვიპტის სულთნებმა ნელ-ნელა ხელთ იგდეს ანტიოქია (1268 წ.), ტრიპოლი (1289 წ.), აკრა (1291 წ.) და სხვა ქალაქები.

ბუნებრივია, ეგივპტელთა უღელქვეშ მყოფი იერუსალიმის ქრისტიანი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ქრისტიანულ სავანეებს არსებობა გაუძნელდათ, მაგრამ ქართველებმა ერთხანს კიდევ შეინარჩუნეს ძველი პატივი და პრივილეგიები.

ეგვიპტელთა ბატონობის პერიოდში იერუსალიმელ ქართველთა უფლებამოსილებაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი (ვიტრუვიუსი): „ცხოვრობს აღმოსაველთში ქრისტიანი ხალხი – ომის მოყვარული და ბრძოლებში გამოცდილი. მას ჰყავს უამრავი მერბძოლი. მეტად დაშინებული ჰყავს სარკინოზნი და თავდასხმების დროს დიდ ზარალს აყენებს სპარსელებს, მიდიელებსა და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრეთაც ცხოვრობს, ვინაიდან გარშემორტყმულია ურჯულოებით. მათ ეწოდებათ ქართველები… როდესაც ისინი მიდიან ქრისტეს საფლავის თავყვანისსაცემად, წმინდა ქალაქში შედიან გაშლილი დროშებით, ბაჟის გადახდის გარეშე. რაც შეეხება სარკინოზებს, ისინი ვერ ბედავენ მათ შეწუხებას, რათა უკან დაბრუნებისას ქართველებმა ჯავრი არ იყარონ მათ მეზობლად მცხოვრებ სარკინოზებზე. ქართველები ძალზე აღშფოთებულნი არიან და ემუქრაბიან ორადინუსს, დამასკოს პრინცს, იმის გამო, რომ მან განიზრახა იმათი სურვილის გარეშე იერუსალიმის კედლების დანგრევა მაშინ, როდესაც ლათინნი დამიეტას იღებდნენ“.XIV საუკუნეში ჯვრის მონასტერში არაერთი ხელნაწერი ინახებოდა. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ერთი – „დიდი სჯულისკანონი“, რომელიც კარგა ხანს წარმოადგენდა ჯვრის წიგნსაცავის საკუთრებას, ახლა კი ქუთაისშია დაცული. კარგადაა ცნობილი მისი გადამწერის ანდერძი, რომელიც რამდენჯერმე გამოქვეყნდა. იგი ეკუთვნის გრიგოლ ჩახრეხაისძეს, რომელიც ბევრმა მკვლევარმა (ზ.ჭიჭინაძემ, კ.კეკელიძემ, პ.ინგოროყვამ, ა.ბარამიძემ, შ.ნუცუბიძემ და სხვ.) „თამარიანის“ ავტორად – XII-XIII საუკუნეთა მოღვაწედ მიიჩნია. ამასთანავე, გრიგოლს ზოგი მიიჩნევდა ჯვრის მოღვაწედ, ზოგი კი ჯვრის სავანეში მისვლისა და იქ დასადგურების მსურველად.

ანდერძიდან ირკვევა, რომ გრიგოლს „დიდი სჯულისკანონი“ დაუმზადებია ჯვრისათვის: „გლახაკი ფრიად ცოდვილი გრიგოლ ჩახრეხაისძე მომიხსენეთ წმიდათა შინა ლოცვათა თქუენთა, რომელმან დიდითა გულსმოდგინებითა გარდავწერე თვისითა ხელითა ქრისტეანეთა წინამძღუარი დიდი ესე და სამოქალაქო სჯულისკანონი საუკუნოდ მოხსენებულისა და ჩუენ ქართველთათვის ფრიად ჭირთა თავსმდებელისა არსენი იყალთოელისა თარგმნილი… არარაის სხვისათვის მოვიჭირვე წერაი ამისი, თვინიერ რომელ სიყუარული მქონდა ცალკერძ წმიდისა მონასტრისა პატიოსნისა ჯუარისაი და მერმე ამის წმიდისა წიგნისაი“.

ინფორმაცია მოძიებულია: www.ucnauri.com

1 comment:

  1. ეს ისტორიული ფონი ხაზგასმაა ქართული ძეგლისა რომელიც საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა.რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ქართველი მეფეებისაგან და დიდ სიწმინდენ ითვლებოდა მუდამ.

    ReplyDelete